პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის თემა ირაკლი ალასანიას, "მისი პარტნიორებისგან განსხვავებით", ვაჭრობის საგნად არასდროს გადაუქცევია.
"ირაკლი ალასანიას მიზანი - მომხდარიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენა - ყოველთვის მკაფიოდ იყო წარმოჩენილი და ეს საკითხი მას ვაჭრობის საგნად არასდროს გადაუქცევია. ჩემთვის უფრო გასაკვირი იყო მისი პარტნიორების თავშეუკავებელი რეაქცია, რომელთაც თავშეკავებას თავიანთი პოლიტიკური მრავალწლიანი გამოცდილება ავალდებულებდა და პირადად მე შემრცხვებოდა იმ განცხადებების, რომლებიც მათ გააკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებნენ, ალასანია ალიანსიდან არ წასულაო", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს", რომელიც "ახლებისა" და "რესპუბლიკელების" გაკრიტიკების პარალელურად, პრაიმერში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე ალასანიას საბოლოო გადაწყვეტილებას მიესალმება.
რაც შეეხება ალასანიას "ალიანსში" დაბრუნებას, რომელიც სწორედ მისმა აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ის "ალიანსიდან" არც არასდროს წასულა, ისე, როგორც არც პრაიმერში მონაწილეობასთან დაკავშირებით დაუფიქსირებია როდესმე მზადყოფნა.
"მოლოდინი იმისა, რომ ალასაია პრაიმერში მიიღებდა მონაწილეობას, არც არასდროს არსებობდა, ისევე როგორც ტერმინი "ალიანსში დაბრუნება" არ შეესაბამება რეალობას, რადგან ის არსად წასულა. საკუთარი ხედვა კი, რომელიც მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენას შეეხება, მან მკაფიოდ გამოხატა, როგორც პირველი ნაბიჯის გადადდგმისას, ისე ამ ნაბიჯის უკან გადმოდგმისას. მთავარია, რომ ალასანია არ ემიჯნება საზოგადოების სურვილს, რომელიც სწორედ ერთიანი კანდიდატის შერჩევაში მდგომარეობს", - განმარტავს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება იმას, რომ ალასანიას გადაწყვეტილების ცვლილება შესაძლოა იმას უკავშირდებოდეს, რომ მას, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს, შესაბამის კონსულტაციებში მონაწილე პარტიების ლიდერებმა (ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, კახა კუკავა, ლევან გაჩეჩილაძე, ზურაბ ნოღაიდელი) მხარი არ დაუჭირეს, ცისკარიშვილის აზრით, "ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს".