არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებლის სერგი კაპანაძის განცხადებით, "რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მიერ 2008 წლის საომარ მოქმედებებთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშიებული განცხადებები ჩვეული სტილით იყო გაკეთებული და მათში ახალი არაფერი ყოფილა".
კაპანაძის თქმით, "მედვედევის გუშინდელი ინტერვიუსას გაჟღერებული მესიჯები საზოგადოებისთვის თვალების ამხელი განცხადებები უფრო უნდა ყოფილიყო".
"რუსეთის ინტერესები რაც იყო, ის არის. არაფერი იცვლება. საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება მათი უცნაური იმპერიალისტური ზრახვებიდან გამომდინარეობს. მედვედევმა ძალიან ნათლად გაიმეორა ის, რომ ეს იყო ომი, რომელიც რეალურად რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარეობდა. არ იყო კავშირში რომელიმე ცალკეულ პოლიტიკოსთან და რომელიმე ცალკეულ ხდომილებასთან. ის პოზიცია, რომ დევნილების დაბრუნება თურმე არ ეხება რუსეთის ფედერაციას, მათ შორის ის, რომ ჯარების გაყვანა აღარ არის მისი ვალდებულება იმიტომ, რომ საქართველოს საზღვრები შეიცვალა, ეს არის ყველაფერი ცინიკური პოზიცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან. აქედან გამომდინარე, ეს უფრო ალბათ თვალების ამხელი ინტერვიუ უნდა ყოფილიყო,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.