საქართველო ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით "საქართველოს ახალი ხელისუფლება ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობები დაარეგულიროს, რაც შეეხება ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირებას, ეს ხანგრძლივი პერსპექტივაა".
ამის შესახებ კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა.
"განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, პირადად ჩემთვის ცოტა გაუგებარია მათი პოზიცია და ქმედებები. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან დავათბოთ და დავარეგულიროთ ურთიერთობები. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და ეკონომიკურ ნაწილში გარკვეული წინსვლისთვის მიღწეული გვაქვს. შესაძლებელი იქნება რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნება, თუმცა პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობების დალაგებას რა თქმა უნდა დრო დასჭირდება,"- განაცხადა კახი კალაძემ.