"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის დაწყებული ომის 5 წლისთავთან დაკავშირებით, ხვალ გორის ციხესთან შეიკრიბებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ავრცელებს.
"ხვალ, 7 აგვისტოს მივდივართ გორში, გორის ციხესთან პატივს მივაგებთ ქართველ გმირებს, ვინც 2008 წელს თავი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს სახელმწიფოს არსებობას შესწირა. ბევრმა გამოთქვა სურვილი თბილისიდან წამოსვლის, ამიტომ, სასტუმრო "რადისონთან", 18:30 საათზე იქნება ავტობუსი, რომელიც მსურველებს გორში წაიყვანს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან ხუთი წელი სრულდება.
2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტს და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა "ლეგალურად" შეიყვანა.
რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების გაერთიანებული სახედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამი დღე ებრძოდნენ. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს.
9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში -16 აგვისტოს.
2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვები და რუსი ჯარისკავების თვითნებობური სამხედრო ქმედებები არ შეწყვეტილა.
"ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა,
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ ბუფერული ზონები შექმნა და სათვალთვალო პუნქტები ფოთში, სენაკსა და პერევში დატოვა.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო.
2008 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს დაიღუპა: შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე.