რვა ქვეყანა აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება და სასამართლოს მხარდაჭერას ადასტურებს. ამის შესახებ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. დოკუმენტს კანადის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ.
მინისტრები აცხადებენ, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მიმართ მტკიცე და უწყვეტ მხარდაჭერას.
ერთობლივ განცხადებაში რვა ქვეყნის წარმომადგენლები აშშ-ის გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ უარყოფითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მათი ამოქმედების შემთხვევაში, ზომები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სასამართლოს საქმიანობაზე, მის თანამშრომლებსა და მათ ოჯახებზე.
„როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთგული მხარდამჭერები, ვწუხვართ და კატეგორიულად არ ვეთანხმებით აშშ-ის განცხადებას სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრები დადებითად აფასებენ სასამართლოს მიერ სანქციების შესაძლო შედეგებისთვის მზადების პროცესს და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ მის შესაძლებლობას, გააგრძელოს რომის სტატუტით განსაზღვრული მანდატის შესრულება.
„ჩვენ კვლავ ერთიანნი ვართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერაში და მზად ვართ, დეკემბერში დაგეგმილი მონაწილე სახელმწიფოების ასამბლეის წინ, რომის სტატუტის არაწევრ ქვეყნებთან კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი გავაგრძელოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრები ასევე ადასტურებენ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით მხარი დაუჭირონ სასამართლოს საქმიანობას, დაიცვან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და ხელი შეუწყონ პასუხისმგებლობის დაკისრებას საერთაშორისო დანაშაულებისთვის.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა. ვაშინგტონის გადაწყვეტილება სასამართლოს საქმიანობას ფინანსურ და ტექნოლოგიურ შეზღუდვებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სასამართლოს წინააღმდეგ კამპანიის გაგრძელებას აპირებს.
სასამართლო სანქციებს საერთაშორისო მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.