საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა ძალიან შორი პერსპექტივა არ არის, თუმცა არც ძალიან ახლოა.
ამის შესახებ ივანიშვილმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც შეიძლებოდა ამ მოკლე დროში მიღწეულია - აღდგა სავაჭრო ურთიერთობები, რომელთა გაღრმავება და გაფართოებაც სამომავლო საკითხია".
"ამას გარდა, ვფიქრობ, რომ რეალისტურად რაც შეიძლება მოყვეს იქნება მუდმივი ავია რეისების აღდგენა და შესაძლოა, გამარტივდეს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმი ან საერთოდ გაუქმდეს ის. რაც შეეხება შორეულ პერსპექტივას, ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, და რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ჩემი აზრით, დასჭირდება უფრო მეტი დრო, რათა დავალაგოთ და აღვადგინოთ ის მეგობრული ურთიერთობები, რაც ჩვენ გვქონდა რუსებთან. ამას დასჭირდება დრო, ხანგრძლივი დრო, თუმცა ეს დროში განვითარდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ და დავალაგებთ ურთიერთობებს. სწორად შენიშნეთ, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა რაც მისასალმებელია. ქართველ ხალხს უყვარს რუსი ხალხი და რუს ხალხს უყვარს ქართველები. არსებობს დიდი სურვივლი და ნოსტალგია და შემთხვევითი არ არის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარა,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. .
კითხვაზე, თუ როდის შედგება მისი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს ძალიან შორი პერსპექტივა არ არის, თუმცა არც ძალიან ახლო შესაძლებლობა.
"ახლა შეხვედრისთვის საფუძველი არ არსებობს, და რომ ამას სჭირდება. უფრო მეტი პოზიტივი, უფრო მეტი გათელვა ორმხრივი ურთიერთობების. ამას სჭირდება დრო, თუმცა ჩვენი მხრიდან ამის მზაობა და სურვილი არსებობს,"- აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "ის, რაც ხდება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების სიახლოვეს ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით, ძირითადად სოჭის ოლიმპიადასთანაა დაკავშირებული.
"ახლა ნერვიულობა იგრძნობა რუსეთის მხარეს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოლიმპიადის შემდეგ გაიოლდება და უფრო პოზიტიური, კონსტრუქციული გახდება ორმხრივი ურთიერთობა,"- დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე-გამოიყენება თუ არა აფხაზეთი, როგორ ბუფერი რუსეთთან ურთიერთობაში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ აფხაზეთი, "თუ მართლაც ბუფერად აღიქმება, მაშინ ეს ილუზია უნდა დაიმსხვრეს, რადგან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობაში არ სჭირდება არანაირი ბუფერი".
"რაც შეეხება აფხაზეთს, ერთადერთი გზა არის მეგობრული, ძმური, არც ერთ შემთხვევაში საუბრის დონეზეც კი ძალა არ უნდა იყოს ნახსენები. ამისთვის ჩვენ სამართლებრივი, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, და გავუჩინოთ მათ ჩვენთან თანაცხოვრების ინტერესი."-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.