საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები ყოველგვარი წინაპირობების, დათქმების და სანაცვლო დაპირებების გარეშე უნდა აღდგეს".
როგორც წულუკიანმა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მიერ ტელეკომპანია "Russia Today"-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის ნომალიზების კუთხით ნაბიჯების გადასადგმელად დასახელებული წინაპირობების კომენტირებისას აღნიშნა, "ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დიპლომატიური ურთიერთობები როგორც წესი, ყველანაირი წინაპირობების გარეშე აღდგება ხოლმე სწორედ იმიტომ, რომ სალაპარაკო მაგიდა გაიხსნას".
"2008 წლის აგვისტოში რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დღესაც რამდენიმე კილომეტრში იმყოფება ჩვენი ქვეყნის დედაქალაქიდან. ამიტომაც არის ოკუპანტი და მეტიც. ის ახორციელებს მცოცავ ანექსიას. ჩვენ გვახსოვს მავთულხლართების ტრაგიკული ისტორია, როდესაც ისედაც შუაზე გაყოფილი სახლები და ქართული ტერიტორიები კიდევ ერთხელ მოხვდა მეორე მხარეს. ეს არის მოცემულობა და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთი სახელმწიფო. მით უმეტეს, რუსეთის მმართველი რგოლების შეფასებითი მსჯელობა. თუ სალაპარაკო მაგიდა ვერ გაიხსნა, ისე ჩვენ ვერც ერთ თემაზე, მათ შორის ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვერ ვისაუბრებთ საფუძვლიანად, ამიტომ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს ყოველგვარი წინაპირობების, დათქმების და სანაცვლო დაპირებების გარეშე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია "Russian Today"-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ "თუ საქართველო 2008 წელს მომხდარ ფაქტს აღიარებს, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შესაძლებელია".
მედვედევის შეფასებით, "2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არც თბილისზე შტურმი იყო და არც მიხეილ სააკაშვილის დასჯა და იმის მიზეზი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ დასჯილა, საერთაშორისო ინსტიტუტების არასრულყოფილებაა".
"თავის დროზე კაცობრიობას ეყო ძალა და ნება ჰიტლერის ნაცისტების გასამართლების ნიუნბერგის პროცესზე. არის სხვა მაგალითებიც თანამედროვე ტრიბუნალების მიერ მიღებული. ყველაფერი ქვეყნების პოზიციის შეთანხმებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ გამოვიდა. რას ვიზამთ, საბოლოო განაჩენს ისტორია გამოიტანს. რაც შეეხება პოლიტიკურ განაჩენს, იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, ქართველმა ხალხმა უკვე გამოუტანა. სააკაშვილის პოლიტიკურმა ძალამ 2012 წლის არჩევნებში კრახი განიცადა. არ შემეძლო არ ჩავრეულიყავი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში, რადგან ამით უგულებელვყოფდი ჩემი ქვეყნის მოქალაქეების და ნაციონალურ ინტერესებს.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არ იყო მიხეილ სააკაშვილის დამხობა ან დასჯა, არამედ რუსეთის მიზანი იყო "კავკასიაში მშვიდობის დასამყარებელი ოპერაცია" ჩაეტარებინა. მისივე თქმით, სააკაშვილის ბედი ქართველ ხალხს უნდა გადაეწყვიტა და არა რუსეთს. ჩვენი მიზანი არ ყოფილა რეჟიმის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სააკაშვილი გასაგები მიზეზების გამო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პიროვნებაა. მე მას სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევ, თუმცა, ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხალხმა უნდა გაარკვიოს ურთიერთობები თავის ხელმძღვანელობასთან. მე არასდროს არ მიმიცია თბილისში შესვლის, პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის და სააკაშვილის დასჯის ბრძანება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვებრძოდით ქართველ ხალხს",-განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.