რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, „რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რაღაც ეტაპზე შეიძლება მოხდეს, თუ რუსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღების მიმდინარე პროცესი კიდევ უფრო წინ წავა".
როგორც აბაშიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში აღნიშნა, "სექტემბერ-ოქტომბერში, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის მეორე ეტაპზე გადავა".
„ჩვენმა რუსმა კოლეგებმა შესანიშნავად იციან, რომ ამ ვითარებაში საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ვერ წავა. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი მთელ მსოფლიოში აღქმული იქნება ისე, რომ თითქოს საქართველო შეეგუა არსებულ, ახალ რეალობას და ამ ტერიტორიებზე, ასე ვთქვათ, უარს ამბობს. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეიძლება მოხდეს რაღაც ეტაპზე, თუკი პროცესი რუსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღებისა, წინ წავა; იქნება რეალური პროგრესი, სერიოზული გარღვევები და ა.შ. თორემ ამით ჩვენ პროცესს ვერ დავიწყებთ. ვიმეორებ, ეს მათ კარგად იციან და როდესაც ჩვენ დავიწყეთ დიალოგი, შევთანხმდით ისეთ თემებზე, რომელთა დარეგულირება უფრო იოლია; ეს გახლავთ პრაქტიკული საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ვაჭრობასთან, სატრანსპორტო და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენასთან. პირველი ეტაპი, პრინციპში, ჩვენ უკვე გავიარეთ და შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით, გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს. ალბათ, სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენ უკვე გადავალთ მეორე ეტაპზე, რომელიც გაცილებით რთული იქნება, რადგან ჩვენ უფრო სერიოზული თემების მოგვარებაზე უნდა დავიწყოთ საუბარი.სწრაფად ეს პროცესი არ წარიმართება. ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდით და ვამბობთ, რომ ეს იქნება რთული პროცესი, ხანგრძლივი პროცესი; ალბათ, მოსალოდნელია რაღაც გამოწვევებიც, სირთულეები, მაგრამ სხვა არჩევანი, სხვა ალტერნატივა არ არის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.