დღეს, 4 აგვისტოს, პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატმა, ნესტან კირთაძემ თელავისა და კახეთის რეგიონის შტაბი გახსნა და შტაბის ხელმძღვანელი დაასახელა. ამავე დღეს შედგა შტაბის პირველი სამუშაო თათბირი, დაისახა საარჩევნო სტრატეგია და პრიორიტეტები. ყველა პრიორიტეტი განისაზღვრა კახეთის რეგიონის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.
რეალურად შეფასდა ვითარება თელავსა და კახეთის რეგიონში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: ატმის მოსავლის ბაზარზე ვერ შეტანის გამო, მოსავალი არარეალიზებული და პრაქტიკულად განადგურებულია. მოსახლეობამ დაბერტყა ატამი, მთელი მოსავალი ლპება და კახელი გლეხი დარჩა მინიმუალური შემოსავლის გარეშე. გლეხობა ვარაუდობს, რომ იგივე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება შემოდგომაზე ყურძნის მოსავალი, ვინაიდან ახალი ხელისუფლების პირობებში ხალხი მოტყუებული აღმოჩნდა და ვერავითარი რეალური მხარდაჭერა მათ მთავრობისგან ვერ მიიღეს. სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი დარჩენილია კომპენსაციის გარეშე და დარიგებული კომპენსაციებიც დაწესებულია არასამართლიანად და შერჩევითი გზით. სოფლების უმეტესობას არ აქვს წყალი, გამორთულია სარწყავი სისტემები. რეგიონში ხელმიუწვდომელია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და არსებული ტრაქტორები, რომელიც მთლიანად რეგიონს უნდა მოხმარებოდა, სამწუხაროდ, მხოლოდ რაიონის ხელმძღვანელობის ოჯახების საკუთრებაში გადავიდა და შერჩევით რამდენიმე ოჯახისთვის არის ხელმისაწვდომი. რეგიონის მოსახლეობა უიმედო და ხელჩაქნეულია და მთავრობისგან რეალურ დახმარებას ითხოვს.
პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატი, ნესტან კირთაძე აგრძელებს რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს და უფრო დეტალურად თელავსა და კახეთის რეგიონის მდგომარეობის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ის ღიად მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს.