,,ხელისუფლება კობა დავითაშვილის გადაწყვეტილებამ უნდა დააფიქროს და მართვის სტილი შეცვალოს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ კობა დავითაშვილის განაცხადების კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, დავითაშვილის კოალიციიდან წამოსვლა თავისთავად საინტერესო ფაქტია.
,,საინტერესო ფაქტია, რომ კოალიციის შიგნით მყოფმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა მიეტოვებინა კომფორტული გარემო და მარტო იბრძოლოს პრეზიდენტობისთვის საკუთარი რეიტინგის ხარჯზე და არა ივანიშვილის რეიტინგის ხარჯზე. კობა დავითაშვილი კოალიციიდან წამოსვლა ასევე საინტერესოა იმ კუთხით, რომ ზოგადად პოლიტიკოსი ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს მაშინ, როცა ხედავს, რომ იმ გუნდის მიმართ ვისთანაც იყო დამოკიდებულება კრიტიკულია და გარკვეულწილად მისი კრიტიკით ეცდება რეიტინგი მოიპოვოს. გაიხსენეთ ჟვანია და სააკაშვილი როდის გადავიდნენ ოპოზიციაში?, ან იგივე კობა დავითაშვილი როდის ხდებოდა ხოლმე ოპოზიციონერი? ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.
მისივე განმარტებით, კობა დავითაშვილის საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსვლა კოალიციისთვის ტრაგედია არ იქნება, მაგრამ მისი გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიასადმი გამოტანილი განაჩენის შემდეგ კოალიციისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს.
,,ის, რომ კობა დავითაშვილმა უმრავლესობიდან წამოსვლის გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას პროცესის შემდეგ მიიღო კოალიციისთვის საყურადღებო და დამაფიქრებელი უნდა იყოს. დამაფიქრებელი იმ კუთხით, რომ მთავრობის მართვის სტილში რაღაც ხდება ისეთი, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერიბის პოზიციებს მერყევს ხდის. ეს არის თუნდაც სამართლიანობის აღდგენის პროცესი, სადაც მმართველმა ძალამ სრული უსუსურობა აჩვენა და ამის ერთ-ერთი გამოხატულება კობა დავითაშვილის ნაბიჯი იყო. ასე რომ, ხელისუფლება კობა დავითაშვილის გადაწყვეტილებამ უნდა დააფიქროს და მართვის სტილში სერიოზული ცვლილებები განახორციელოს. თუ ეს არ მოხდება, შესაძლოა, დავითაშვილი უფრო სერიოზული პროცესების ინიციატორი იყოს. ხომ იცით ავადმყოფი თუ თავის დროზე წამალს მიიღებს ავადმყოფობა არ გაუგრძელდება, მაგრამ ყურადღებას თუ არ მიაქცევს ცუდი შედეგით დასრულდეს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.