ხვალ, 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ქ. ყვარელში, მარჯანიშვილების განახლებულ სახლ-მუზეუმში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ. ეს ტრადიცია დეველოპერული კომპანია "რედიქსის~ ინიციატივით შარშან აღდგა.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (იმ დროს _ თეატრალურ ინსტიტუტში) 80-იან წლებში შემოღებულ იქნა პირველკურსელთა ფიცის დადების რიტუალი. სტუდენტები ფიცს დებდნენ, რომ ერთგულად ემსახურებოდნენ სამშობლოს და როგორც პროფესიონალები, დაიცავდნენ ქართული ეროვნული კულტურის ტრადიციებს.
ფიცის დადების ცერემონია პირველ ხანებში თელავსა და ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახლის მარანში ტარდებოდა. რიტუალის დროს რომელიმე ცნობილი მოღვაწე ახალბედა სტუდენტებს სახეზე უსვამდა გრიმს, როგორც გარდასახვის სიმბოლოს.
"სასიხარულოა, რომ შევძელით ამ სიმბოლური და ლამაზი ტრადიციის აღდგენა. ეს მივიწყებული ცერემონია პირველად შარშან, სწორედ მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში განახლდა. მუზეუმის რესტავრაცია გასულ წელს დავამთავრეთ და მსურველებს უკვე შეუძლიათ ექსპოზიციის მონახულება. აქვე ჩატარდა თეატრალური პრემია "დურუჯის~ გადაცემის ცერემონია. პირველკურსელთა ნათლობაც ერთ-ერთი იმ ღონისძიებათაგანია, რომელთაც მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი მასპინძლობს. ვფიქრობ, ტრადიცია გაგრძელდება და შევძლებთ ქართული თეატრისა და კულტურის განვითარებაში წვლილის შეტანას~, - აცხადებს კომპანია `რედიქსის~ გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი.