"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის გამო პარტიიდან ერთი პირი გარიცხეს ორს კი გაფრთხილება მიეცა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ემიჯნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დროს მომხდარ დაპირისპირებას, რადგან ნებისმიერი ძალადობრივი ან აგრესიული ქმედება პოლიტიკურ პროცესებში მათთვის მიუღებელია. ,,ჯი-ეიჩ-ენი" პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში პარტია „ქართულ ოცნებას", როგორც პოლიტიკურ სუბიექტს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, გამოიკვეთა პარტიის ცალკეული წევრების მონაწილეობა ზუგდიდის ინციდენტში. „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამ პირებთან დაკავშირებით. ესენია :გაიოზ მონიავა- რომელსაც წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ასევე ლაშა გოგიას- მიეცა გაფრთხილება, ზაალ თოდუა- კი გარიცხვა. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო"-ს ყოველთვის შეურიგებელი და სამართლიანი პოზიცია ექნება მსგავს ფაქტებთან მიმართებაში. გასულ წლებში და განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ძალადობის, ზეწოლის, უსამართლობის ობიექტი, თუმცა როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს სამარცხვინო პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ჩვენ, როგორც მმართველი კოალიციის წევრ პარტიას, გვეკისრება პასუხისმგებლობა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე.ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პარტია აფრთხილებს მის ყველა წევრს და მხარდამჭერს, თავი შეიკავონ მსგავსი აგრესიული ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" კვლავაც მიიღებს უმკაცრეს დისციპლინარულ ზომებს", _ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები