საგარეჯოს რაიონის სოფელი ბადიაური, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ქართული ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლებს. ტურნირზე 9 რეგიონის ნაკრები გამოვა. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 20 ათასი ლარია.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის განცხადებით, ტურნირი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.
"ასეთი მასშტაბის ტურნირი საქართველოში არც მახსოვს. საპრიზო ფონდიც სოლიდურია. შეჯიბრში თითქმის ათი ნაკრები გამოვა, რომლებიც საქართველოს სხვადასხცა კუთხეს წარმოადგენენ. ყველა გუნდი სერიოზული იქნება, რადგან მოჭიდავეები თანაბრად გადავანაწილეთ", - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, ტურნირზე ყველა წამყვანი ფალავანი იჭიდავებს.
მისივე თქმით, ტურნირზე ძალებს ქართველი ჯარისკაცებიც მოსინჯავენ.
"ეს იქნება შოუ ქართულ ჭიდაობაში. ტურნირის ჩატარების მთავარი მიზანი კი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციაა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გამარჯვებულები ფულად პრიზებს და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.
ბადიაურში ტურნირი 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაიწყება. საუკეთესოები ექვს წონით კატეგორიაში მ. შ. 100 კგ-შიც გამოვლინდებიან.