ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში გამოჩნდა ქართველი კალათბურთელი - გიორგი შერმადინმა ათენური „პანათინაიკოსის" შემადგენლობაში 12 წუთი ითამაშა მილანში, იქაური „არმანის" წინააღმდეგ ევროლიგის ეგიდით გამართულ მატჩში.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბერძნულმა და სრულიად ევროპის ერთ-ერთმა უძლიერესმა კლუბმა 75:67 დაამარცხა იტალიური გუნდი და ამაში შერმადინსაც მიუძღვის სოლიდური წვლილი.
შერმადინმა 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა და ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, მოედანზე იყო.
აღსანიშნავია, რომ ბერძნული კლუბის ძირითადი ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გავარდა და ეს ბედი ეწია შერმადინსაც, თუმც „პანათინაიკოსს" ბოლო წუთებზე დაგროვილი უპირატესობა მატჩის მოსაგებად ეყოთ.
„პანათინაიკოსი" ჯგუფში „არმანისთან", მადრიდის „რეალთან", პოლონურ „პროკომთან", მოსკოვურ „ხიმკისთან" და გერმანულ „ოლდენბურგთან" ერთად ასპარეზობს.
მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე 4 საუკეთესო გუნდი გადის. მომდევნო მატჩს „პანათინაიკოსი" ათენში „ხიმკის" წინააღმდეგ გამართავს.