საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ახერხებდა სვლას მთავარი მიზნისკენ - შეექმნა თანამედროვე ევროპული, მოდერნიზებული საქართველო.
"ამ მიზნამდე მიმავალი გზა არ არის ადვილი და არც მომავალში იქნება ადვილი. იქნება დაბრკოლებები და სირთულეები. თუმცა განვლილი წლებიდან არც ერთი არ იყო ისეთი დრამატული, როგორიც 2008 და არც ერთი ისეთი მძიმე როგორიც 2009.
გასული 2009 წლის სირთულე განაპირობა სამმა ერთმანეთისგან განსხვავებულმა სხვადასხვა ბუნების მქონე, მაგრამ თითქმის თანაბრად დამანგრეველმა მოვლენამ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, პირველი ასეთი მოვლენა იყო რუსული ინტერვენცია და ამან უდიდეს სახელმწიფოებრივ და ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას; მეორე, სააკაშვილის განცხადებით, იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი; მესამე _ გასული წლის აპრილ-მაისის შიდაპოლიტიკური დაძაბულობა, რომლის დროსაც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ყველა პარამეტრის მიხედვით უფრო დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდში და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს.
პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, საქართველო აღმავლობის გზას დაადგა.
ქვეყნის პირველი პირი ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. ის დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართავს. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებიან.