ბრაზილიის სენატმა ახალი ანტიკორუფციული კანონი მიიღო, რომლის თანახმად კორუფციული ქმედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად კვალიფიცირდება და ამ მუხლით გასამართლებული პირები არ ექვემდებარებიან ამნისტიას ან შეწყალებას. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. აღნიშნული კანონი აღმოჩნდა საბოლოო ზომა, რომლის გატარებაც ბრაზილიის ხელისუფლებას ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების საპასუხოდ მოუხდა.
ახლა, პროცედურულად, კანონმა კონგრესის პალატის განხილვა უნდა გაიაროს და შემდეგ კანონს ხელს მოაწერს ბრაზილიის პრეზიდენტი. კანონპროექტი, რომლის პირველადი ვარიანტიც ჯერ კიდევ 2011 წელს იყო მომზადებული, კორუფციაში მხილებულთათვის მინიმალური სასჯელის ზომად არსებული ორის ნაცვლად, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაქსიმალური - ვადა 12 წლით პატიმრობა - უცვლელი დარჩა. კანონი გამოყენებული იქნება სახელმწიფო ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ თანამდებობრივ უფლებამოსილებებს, ასევე, მათ მიმართ, ვინც პირადი მიზნებისთვის გამოიყენებს სახელმწიფო სახსრებს. ახალი ანტიკორუფციული კანონი ასევე ითვალისწინებს იმ კერძო პირებისა და კომპანიების დასჯას, რომლებიც მხილებულნი იქნებიან ქრთამის გაცემაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბრაზილიაში მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით კორუფციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. უმსხვილესი კორუფციული სკანდალი, ეგრედ წოდებული მენსალანის საქმე, 25 ადამიანი აღიარებითი ჩვენებით დასრულდა. მათ აღიარეს, რომ შექმნეს დანაშაულებრივი ფინანსური სქემა, რომლის პირობებშიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა მმართველი კოალიციის წევრი პარტიის პირად ინტერესებში შემავალი ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები