ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკის სპეციალური სამსახურების გაქცეული თანამშრომლის გამო მას არ გაუმართავს არანაირი კულუარული მოლაპარაკება ჩინეთისა თუ რუსეთის ლიდერებთან, არც სამომავლოდ გეგმავს მსგავსი საუბრების ინიცირებას და არავითარ შემთხვევაში არ აპირებს გამანადგურებლების გამოყენებით ჩაიგდოს ხელში ედუარდ სნოუდენის თვითმფრინავი.
„მე არ ვაპირებ ზედმეტი ყურადღება გამოვიჩინო ერთი ეჭვმიტანილის გამო და მისი ექსტრადირების საკითხი ავიყვანო ისეთ დონეზე, სადაც მე თავად დამჭირდება სხვა საკითხებითა და თემებით ვაჭრობა, რათა მივაღწიო ერთი ჰაკერის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას", - განაცხადა ბარაკ ობამამ სიტყვით გამოსვლისას სენეგალში, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავისი აფრიკული ტურნე დაიწყო.
ბარაკ ობამას თქმით, მას პირადად არ მიუმართავს ჩინეთის ლიდერისთვის სი ცზინპინისთვის და არ უსაუბრია რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან აღნიშნული თემაზე, რადგან ეს მისი საქმე არ არის. „ეჭვმიტანილის ექსტრადირების საკითხი არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელსაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები უძღვებიან და საერთოდ არ საჭიროებს ჩემს ჩარევას. მე ყველა ქვეყანას, ვინც სნოუდენისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს განიხილავს, მოვუწოდებ, გაიაზრონ თავიანთი, როგორც საერთაშორისო თანამეგბრობის წევრი ქვეყნების ვალდებულებები. აქვე, ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ გამოვიყენო გამანადგურებლები, რომ ხელში ჩავიგდო თვითმფრინავი, რომელითაც ეჭვმიტანილი ამა თუ იმ ქვეყნისკენ აიღებს გეზს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ვარაუდი, რომ შეერთებული შტატები გამანადგურებლების გამოყენებით სნოუდენის თვითმფრინავის ხელში ჩაგდების ოპერაციას იმ დროს განახორციელებდა, საერთაშორისო პრესაში გაჩნდა. ასეთი ვარაუდის გავრცელებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ რეისი მოსკოვი - ჰავანა, რომლითაც წესით, სნოუდენმა უნდა ისარგებლოს, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიის გასწვრივ გადის.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. ედუარდ სნოუდენი ამ დრომდე რჩება მოსკოვის „შერემეტევოს" აეროპორტის სატრანზიტო ფრენის ზონაში. ოფიციალური ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს სნოუდენის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუყოვნებლივ ექსტრადირებას.
მასალის გამოყენების პირობები