ეკვადორის ხელისუფლების განცხადებით, რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების გაქცეულმა თანამშრომელმა ედუარდ სნოუდენმა თავშესაფრის თხოვნით მიმართა, აღნიშნული საკითხის განხილვას კვირები, შესაძლოა თვეებიც კი დასჭირდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიკარდო პატინომ მაგალითად სკანდალური პორტალის Wikileaks დამაარსებლის ჯულიან ასანჟის საკითხი მოიყვანა. ასანჟის ეკვადორმა თავშესაფარი 2-თვიანი განხილვის შემდეგ მისცა. „შარშან ჩვენ ჯულიან ასანჟის საკითხს ორ თვეს განვიხილავდით და ახლაც არ უნდა ელოდოს საზოგადოება, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ", - აღნიშნა რიკარდო პატინომ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა.
ედუარდ სნოუდენი ამ დრომდე რჩება მოსკოვის „შერემეტევოს" აეროპორტის სატრანზიტო ფრენის ზონაში. ოფიციალური ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს სნოუდენის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუყოვნებლის ექსტრადირებას.