რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მოთხოვნაზე ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ედუარდ სნოუდენის ექსტრადირებაზე და შეერთებული შტატების პრეტენზიებს აბსურდული უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
მისი თქმით, ამერიკის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, რადგან მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება ექსტრადირების შესახებ. „ბატონი სნოუდენი ნამდვილად ჩამოვიდა მოსკოვში. ეს ჩვენთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ის, როგორც ტრანზიტული რეისის მგზავრი, ტრანზიტულ ზონაშია და ამ დრომდე რჩება იქ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ედუარდ სნოუდენს მოსკოვი ამ დრომდე არ დაუტოვებია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ედუარდ სნოუდენის დაუყოვნებლივ ექსტრადირებას ითხოვს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, ოფიციალურ მოსკოვს აქვს ყველა სამართლებრივი უფლება, სურვილის შემთხვევაში სნოუდენი ვაშინგტონს გადასცეს.
ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა.