თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ანკარას ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლების გამოყენებით გაყარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. საპროტესტო აქციის დაშლისას მომხდარი შეტაკებების დროს პოლიციამ 20 ადამიანი დააპატიმრა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ მასოვრივი არეულობების ორგანიზება და პოლიციელებზე თავდასხმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტების აღნიშნული ჯგუფი სამართალდამცავებს ქვებსა და სხვა მძიმე საგნებს ესროდა.
ანკარას პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა სტამბულში, სადაც ტაკსიმის მოედანზე შეკრებილმა ხალხმა გააპროტესტა გადაწყვეტილება, ერთ-ერთი პოლიციელის, რომელიც აქციების დროს ერთ-ერთი დემონსტრანტის მკვლელობისთვის იყო დაკავებული, სასამართლოს გარეშე გათავისუფლების შესახებ. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გასროლა შემთხვევითობა იყო და არა გამიზნული ქმედება.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თურქეთში სამ კვირაზე მეტია გრძელდება. დემონსტრაციები სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, ხოლო 5 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები