ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ კვლავ მიმართა რუსეთის ფედერაციას და სპეცსამსახურების გაქცეული თანამშრომლის ედუარდ სნოუდენის ექსტრადირება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ დაადასტურა, სნოუდენი მოსკოვში „შერემეტევოს" აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება.
„ჩვენ მივმართავთ რუსეთის ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოახდინონ სნოუდენის შეერთებულ შტატებში ექსტრადირება. აღნიშნული ნაბიჯით ამერიკასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგმება საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობის კუთხით", - განაცხადა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა კეიტლინ ჰეიდენმა.
თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, ოფიციალურ მოსკოვს აქვს ყველა სამართლებრივი უფლება, სურვილის შემთხვევაში სნოუდენი ვაშინგტონს გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა.
მასალის გამოყენების პირობები