დღეს, 26 ივნისს, ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ნატო-ს დელეგაციის ვიზიტი 27 ივნისს დასრულდება.
27 ივნისს, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან და კომიტეტების თავმჯდომარეებთან გამართავს შეხვედრას. ამავე დღეს, ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვა.
ნატო-ს ელჩები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, უმცირესობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
27 ივნისს იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის არაფორმალური სამუშაო სადილი საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიასთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან, გიგა ბოკერიასთან.
ამავე დღეს იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ერთობლივი პრესკონფერენცია.