მოსკოვი მოლდოვისა და უკრაინის ევრაზიულ პროექტში ჩართვისათვის იცლის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ახლა მთავარი რესურსი გადასროლილია უკრაინის მიმართულებით, თუმცა მოლდოვაც კრემლის თვალთახედვის არეში იმყოფება. არ არის გამორიცხული, რომ მოლდოვის მიმართულებით, უახლოეს მომავალში პირადად პრეზიდენტის მრჩეველი რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაცაში სერგეი გლაზიევი დაკავდეს", _ წერს „კომერსანტი".
გამოცემის ინფორმაციით, ევრაზიის ეკონომიკური კომისია კიშინიოვში ევრაზიული ინტეგრაციის პროექტის მასშტაბურ პრეზენციას გამართავს. ეს ღონისძიება მოლდოვის მთავრობასთან უკვე შეთანხმებულია. ღონისძიება 28 ივლისს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ვილნიუსში დაგეგმილ ნოემბრის სამიტზე აპირებენ. ამავე დროს, ტირასპოლმა გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობა დნესტრისპირეთის საგარეო პოლიტიკის ერთ ერთი პრიორიტეტია. უკრაინამ კი 31 მაისს ევრაზიის ეკონომიკურ კომისიასთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.