ბრაზილიაში საპროტესტო აქციები განახლდა. ამჯერად მანიფესტანტების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა დღეების განმავლობაში. ბრაზილიაში მიმდინარე პროტესტის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
რიოში კოპაკაბანას პლაჟზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, ისინი აპროტესტებენ ცვლილებას კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც პროკურატურას შეეზღუდება უფლებამოსილება კორუფციასთან დაკავშირებული თემები გამოიძიოს. ქალაქ ფორტელეზაში, სადაც კონფედერაციის თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩი ესპანეთსა და ნიგერიას შორის მიმდინარეობდა, დემონსტრანტების ჯგუფმა აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.
საპროტესტო აქციები ბრაზილიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაძვირდა. დემონსტრაციებმა სწრაფად მიიღო საერთო ეროვნული ხასიათი და 20 ივნისს, საერთო ჯამში, ქვეყნის 100 ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. მანიფესტანტებმა საგრძნობლად გაზარდეს მოთხოვნების სია. დემონსტრანტები უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა კორუფციასთან, უკმაყოფილონი არიან სოციალური სამსახურების მუშაობით და მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების მაღალი ღირებულებით.
ბრაზილიის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიით უკვე მიმართა და მთელ რიგ სფეროებში რეფორმების გატარებას დაპირდა და ასევე განმარტა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება არასახელმწიფო რესურსით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციები ბრაზილიაში არ წყდება.
ამჟამად, ბრაზილიაში კონფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარეობს, ხოლო 2014 წლის ზაფხულში ქვეყანამ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს.