პაკისტანის პროვინცია გილგიტ-ბალტისტანში, რომელიც კაშმირის სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს, შეიარაღებული ბოევიკები ალპინისტების ბანაკში შეიჭრნენ და 9 უცხოელი ტურისტი და მათი გიდი მოკლეს. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილებს შორის 5 უკრაინელია, 3 ჩინეთისა და ერთიც ლიტვის მოქალაქე. ასევე, მოკლულია გიდი, რომელიც ან პაკისტანელია ან ნეპალელი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულებს შორის ერთი იყო რუსეთის მოქალაქე, თუმცა აღნიშნული არ დადასტურდა. სავარაუდოდ, გარდაცვლილები რეგიონში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული სიმაღლის - რვაათასიანი ნანგა-პარბატის დასალაშქრად იყვნენ ასულები.
უკრაინის საგარეო უწყებამ დაადასტურა საკუთარი მოქალაქეების დაღუპვის ფაქტი. ინციდენტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „პაკისტანის თალიბანმა" და სუნიტურმა დაჯგუფება „ჯუნდულაჰმა" აიღეს.