ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მთელ რიგ რეფორმებს გაატარებს. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რეფორმებით ბრაზილიელები კმაყოფილები დარჩებიან და საპროტესტო გამოსვლებიც შეწყდება.
დილმა რუსეფი მოსახლეობას დაპირდა, რომ ძირეულ რეფორმებს გაატარებს სატრანსპორტო სფეროში, ასევე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში. მისივე თქმით, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება გაგრძელდება, რადგან საორგანიზაციო ხარჯის გაწევა სახელმწიფო რესურსებიდან არ ხდება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა უსმენდეს ხალხს და მშვიდობიანი აქციის ლიდერებს შეხვედრა და ყველა პრობლემატური საკითხის განხილვა შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაძვირდა. ბრაზილიის 100-ზე მეტ ქალაქში მილიონობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. მოხდა შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. სან -პაულოს შტატში 18 წლის ბიჭი დაიღუპა მას შემდეგ რაც საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ აღმართულ ბარიკადს ავტომობილი შეეჯახა. პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაზარალებულია 29 ადამიანი. ქვეყნის დედაქალაქში საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში დემონსტრანტებმა ხანძარიც კი გააჩინეს. ქვეყნის ხელისუფლებამ გააუქმა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ავტობუსებსა და მეტროში მგზავრობის საფასურის გადახდის გაზრდის თაობაზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ვერ დაამშვიდა.
მასალის გამოყენების პირობები