სირიის ოპოზიციას იარაღით მხარდაჭერა სჭირდება, რათა კონფლიქტის მხარეებს შორის ძალთა ბალანსი შედგეს და ბაშარ ასადი იძულებული გახდეს, მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. ასეთი განცხადება გააკეთეს რვა ქვეყნის მთავარმა დიპლომატებმა, რომლებმაც საკუთარ გაერთიანებას „სირიის მეგობრები" უწოდეს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ყატარის პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰამად ბენ ჯასემ ალ-ტანის თქმით, სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდება, შესაძლოა, ერთადერთი გზაა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მიერ ერთი კვირის წინ გაჟღერებული ინფორმაციას და განაცხადა, რომ აშშ აპირებს პირდაპირი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს ოპოზიციურ ძალებს.
„სირიის მეგობრების" ჯგუფში, ყატარისა და ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, შედიან გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, თურქეთი და იორდანია.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორი წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, გაეროს ოფიციალური მონაცემებით, 90 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 მილიონამდე ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები