ერთ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა წუხელ ბრაზილიის 100 ზე მეტ ქალაქში ანტისამთავრობო აქციებზე. მოხდა შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. სან -პაულოს შტატში 18 წლის ბიჭი დაიღუპა მას შემდეგ რაც საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ აღმართულ ბარიკადს ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაზარალებულია 29 ადამიანი. ქვეყნის დედაქალაქში საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში დემონსტრანტებმა ხანძარიც კი გააჩინეს.
ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მომდევნო კვირას იაპონიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გააუქმა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ავტობუსებსა და მეტროში მგზავრობის საფასურის გადახდის გაზრდის თაობაზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ვერ დაამშვიდა.
„საქმე ფასებში არ არის. ხალხს პოლიტიკური სისტემა არ მოსწონს. ჩვენ ცვლილებები გვინდა", _ აცხადებენ აქციის მონაწილები და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება უზარმაზარ თანხებს ხარჯავს ემზადება რა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ჩემპიონატის წინააღმდეგნი არ არიან. ისინი იმ კორუფციას აპროტესტებენ, რომელიც ამ მზადების პროცეში წარმოჩინდება.