ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა იმიგრაციის შესახებ ისტორიული რეფორმის კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. კანონპროექტი მომზადებულია ეგრედ წოდებული „რვიანთა ჯგუფის" მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სენატორები ორივე პარტიიდან.
საუბარია როგორც მინიმუმ 11 მილიონ არალეგალზე, ძირითადად ლათინური ამერიკიდან, რომლებიც შეერთებულ შტატებში რონალდ რეიგანის ისტორიული რეფორმის შემდეგ, 1986 წლიდან მოყოლებული დაგროვდნენ. ვინაიდან მათი უბრალოდ დეპორტირება არარეალურია, ამერიკამ გადაწყვიტა მათ მოქალაქეობა მიანიჭოს. მხოლოდ ამისთვის რიგი პროცედურების დაცვა იქნება საჭირო - მაგალითად, „მწვანე ბარათის" მისაღებად, რაც ნიშნავს მუდმივი ცხოვრების უფლებას და მომავალში მოქალაქეობის მიღების გარანტიას, არალეგალებმა უნდა შეისწავლონ ინგლისური ენა და ძველი თარიღით გადაიხადონ გადასახადები.
შეგახსენებთ, რომ იმიგრაციული რეფორმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეორე ვადის ყველაზე მასშტაბური ინიციატივაა. კანონპროექტი შანსს აძლევს ამერიკაში არალეგალურად მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ მიგრანტს, მიიღონ შეერთებული შტატების მოქალაქეობა. ამისათვის მიგრანტებს რიგი მოთხოვნების შესრულება დასჭირდებათ, მათ შორის, 13-წლიანი მოლოდინი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის დაწყებამდე. გარდა ამისა, თუ კანონი მიღებული იქნება, გამარტივდება ამერიკაში კვალიფიცირებული მიგრანტების ჩასვლა, უპირველესად, პროცედურები გამარტივდება მეცნიერებისთვის.
ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მიგრანტებისადმი შერბილებული მიდგომის საკომპენსაციოდ კონტროლი გამკაცრდება მექსიკის საზღვარზე, საიდანაც ხდება ამერიკაში უკანონო მიგრანტების ძირითადი ნაკადის შედინება.
მასალის გამოყენების პირობები