თურქი ბიზნესმენი ომარ სარი ვანო ჩხარტიშვილს მისი კუთვნილი ქონების მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ომარ სარმა მის ქართველ წარმომადგენელთამ მამუკა კაკუშაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ჩხარტიშვილი გარიგებაში მისი ნდობით აღჭურვილი პირის ლევან ჯღარკავას მეშვეობით იყო ჩართული.
"პრომეტკო ჯორჯია" და "ჯეესკო" არის კომპანიები, რომელთა კუთვნილი თანხა, 3 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი, ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებულმა კომპანიამ, შპს "სონატა ალიანს ჯორჯიამ" მიითვისა, რაშიც უშუალოდ იყო ჩართული ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ლევან ჯღარკავა. მოკლედ გაგაცნობთ საქმის პრეისტორიას:2003 წელს გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი ფოთის პორტის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნავმისადგომების გრძელვადიანი იჯარით გაცემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კომპანიებმა "პრომეტკო ჯორჯიამ" და "ჯეესკომ", სადაც ომერ სარი 5-5%-იან წილებს ფლობდა. ამ კომპანიებმა შეძლეს ტენდერში გამარჯვება და დაიწყეს ტერმინალების მართვა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს, ბატონ ომერს აცნობეს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ყველა პარტნიორს უნდა დაეთმო თავისი წილის ნახევარი, რომელიც უნდა გადაეფორმებინათ "კოპოლა ვენჩურს ლიმიტედზე", სამაგიეროდ კი კომპანიას საიჯარო ვადას და ტვირთბრუნვას გაუზრდიდნენ. ასევე იყო შეთანხმება, რომ კომპანიები თანაბარი პირობებით უნდა ემართა ყველა პარტნიორს. ბატონი ომერი ამ წინადადებას არ დათანხმდა, მაგრამ დათანხმდნენ კომპანიის ქართველი და სხვა უცხოელი პარტნიორები. მოგვიანებით "კოპოლა ვენჩურს ლიმიტედმა" წინასწარი შეთანხმებით დადგენილი პირობების უმრავლესობა დაარღვია და ეტაპობრივად თავისი წილი 50%-იდან 66%-მდე გაზარდა, რის შემდეგაც ის ერთპიროვნულად მართავდა კომპანიებს. აქვე დავაზუსტებთ, რომ "კოპოლა ვენჩურს ლიმიტედი" იყო ბადრი პატარკაციშვილის კომპანია. პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ თვეში, 2008 წლის 10 მარტს, "კოპელა" ჩაანაცვლა "სონატა ალიანს ჯორჯიამ". ეს გახლდათ ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანია, რომელიც, მის მიერვე დანიშნული დირექტორის, ლევან ჯღარკავას მეშვეობით ერთპიროვნულად განკარგავდა ორივე კომპანიის "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოს" ფინანსებს. აუდიტორული დასკვნით, რომელიც "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოში" ბატონი ომერის მოთხოვნით დაინიშნა, აღმოჩნდა, რომ ლევან ჯღარკავას მიერ მილიონები იყო გატანილი საქვეანგარიშოდ და ფიქტიურ კონტრაქტებზე. 2010 წელს, როდესაც ვანო ჩხარტიშვილს წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბა, არაბულმა კომპანიამ "რაკიამ", რომელიც იმ დროს ფოთის პორტის მენეჯმენტში იყო ჩართული, ცალმხრივად შეუწყვიტა კონტრაქტები "პრომეტკო ჯორჯიასა" და "ჯეესკოს". ანუ ბატონი ომერი ბიზნესის გარეშე დარჩა, ხოლო ლევან ჯღარკავამ კომპანიაც დატოვა და საქართველოც. როგორც ავღნიშნეთ ჯღარკავა იყო ვანო ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ხოლო "სონატა ალიანს ჯორჯია" მასთან ასოცირებული კომპანია", - აცხადებს კომპანიის ქართველი წარმომადგენელი.
ბიზნესმენის განცხადებით, მან უკვე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით.