ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დეტალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
რუტემ აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბრისას საუბარი შეეხო ნატო-ს მხარდაჭერას უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხს.
„მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის მისი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რათა შეაჩეროს მკვლელობები. ცეცხლის შეწყვეტა ამისკენ პირველი ნაბიჯია, ისინი უნდა „გაჩერდნენ იქ, სადაც არიან“.
უკრაინა მზადაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ განაგრძოს ზეწოლა, რათა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს - უკრაინის მხარდაჭერით, სანქციებით, განსაკუთრებით ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და სხვა ზომების გამოყენებით“, - წერს მარკ რუტე.
თეთრმა სახლმა ასევე გამოაქვეყნა კომენტარი შეხვედრასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ტრამპმა განაცხადა, რომ მას და რუტეს „ძალიან კარგი დისკუსიები“ ჰქონდათ და რომ „უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით საქმეები საკმაოდ კარგად მიდის“.