შემოსავლების სამსახურის სტრატეგიის - გადასახადის გადამხდელთან საპარტნიორო ურთიერთობა და უწყვეტი კონსულტაციის რეჟიმი - ფარგლებში, 17 ივნისს, შემოსავლების სამსახურის ქოლცენტრი (+995 32) 2 299 299 ამოქმედდა. ქოლცენტრის მომსახურება მომხმარებელთათვის უფასოა. კონსულტაციის დრო ლიმიტირებული არ არის.
ახალი სტრუქტურული დანაყოფის - შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრის - მიზანია გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებსა და პროცედურებზე საბაზისო სატელეფონო ინფორმაცია მიაწოდოს.
საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის მეშვეობით გადამხდელს შესაძლებლობა ეძლევა ოპერატიულად მიიღოს ინფორმაცია როგორც საკანონმდებლო სიახლეებსა და პროცედურულ ღონისძიებებზე, ასევე შემოსავლების სამსახურის საქმიანობაზე.
ელექტრონულ სერვისებზე წვდომის გასამარტივებლად, გადამხდელს შეუძლია სატელეფონო სერვისით ისარგებლოს და, საგადასახადო სერვისცენტრში მიუსვლელად, საგადასახადო დეკლარირების განხორციელების მიზნით, ელექტრონული აქტივაცია განახორციელოს.
შემოსავლების სამსახურის ქოლცენტრის ზარების განაწილების სისტემა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თავადვე აირჩიოს საბაჟო ან საგადასახადო კონსულტანტი და მიიღოს სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება.
სატელეფონო ცენტრი დაკომპლექტებულია 20 კონსულტანტით. აქედან 15 საგადასახადო, 5 კი საბაჟო მიმართულების კონსულტანტია.
სატელეფონო ცენტრის სამუშაო საათებია 9.00-დან 18.00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.