„ქართული ოცნების“ მიზანი და მოტივია დიქტატურის გაფორმება, კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება, მთელი ოპოზიციის აკრძალვით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს წინაშე სამართლებრივი თვალსაზრისით არის განადგურებული.
„დასრულდა ახსნა-განმარტებების ეტაპი და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს წინაშე სამართლებრივი თვალსაზრისით არის განადგურებული. მთლი კვირის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით იმ ამომწურავ არგუმენტებს, არამხოლოდ იმ არგუმენტების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლებოდა სარჩელში ყოფილიყო, ასეთი ვერ იქნებოდა იქ, რადგან სარჩლში სამართლებრივი არგუმენტები არ არის, არამედ იმ სიცრუეზე და მხილებაზე, რომლის ძალითაც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა „ქართული ოცნების“ მიზანი. მათი მიზანი და მოტივია დიქტატურის გაფორმება, კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება, მთელი ოპოზიციის აკრძალვით. მათი მიზანია აგრეთვე, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა; ანტიდასავლური, ანტიქართული, პრორუსული, რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა გახდეს სავალდებულო კონსტიტუციური წესით, ეს არის მათი მიზანი.
რაც მთავარია, საზოგადოებამ დაინახა სად არის სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არცერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი თემიდას სასწორი საით უნდა გადაიხაროს“, - განაცხადა სიორიძემ.