უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 31 ოქტომბერს თურქეთში სამუშაო ვიზიტით ჩავა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა, სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
დურანის განცხადებით, სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრებზე მხარეები თურქეთსა და უკრაინას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთ-უკრაინის ომსა და შავ ზღვაში უსაფრთხოების მდგომარეობას.
ოქტომბრის დასაწყისში ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, შავ ზღვაში უსაფრთხოებაზეც ისაუბრეს.
მანამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუწყოს შავ ზღვაში გლობალური სავაჭრო მარშრუტის აღდგენას.