დიდი რვიანის სამიტამდე, ლონდონში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. საუბარი ძირითადად სირიის კონფლიქტს შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. ლიდერების განცხადებით, მიუხედავად რიგი აზრთა სხვადასხვაობისა, მათი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი პუტინმა და კამერონმა სირიაში მიმდინარე კონფლიქტს სხვადასხვა შეფასება მისცეს. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, კონფლიქტში დამნაშავე მოქმედი ხელისუფლება და ბაშარ ასადია, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა მოვლენების ასეთ განვითარებაში ორივე მხარე დაადანაშაულა.
„სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფაა და ამას ყველა ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ არასტაბილურობას და ექსტრემიზმისგან მომდინარე საშიშროებებს. ჩვენ ყველას ერთი რამ გვინდა და ამიტომ დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში უნდა შევიმუშავოთ მიდგომა, რომლის განხორციელება რეგიონში მშვიდობის აღდგენამდე მიგვიყვანს", - განაცხადა კემერონმა.
„თქვენ გინდათ ამბოხებულეს იარაღი მიაწოდოთ? არა მგონია, ეს ევროპის ჰუმანიტარულ პრინციპებს შეესაბამებოდეს. რუსეთი იარაღით ამარაგებს მოქმედ ხელისუფლებას და ეს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების ფარგლებში ხდება. ჩვენ არც ერთ საერთაშორისო დადგენილებას არ ვარღვევთ", - განაცხადა თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორ წელზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, 80 ათასზე მეტი ადამიანი და იღუპა და 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები