საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერნცია თემაზე "ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია _ გამოსავალი თუ ჩიხი?" კონფერენციის ორგანიზატორი იყო სტუ-ის იურიდიული სამსახური, თანაორგანიზატორი - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი ჯემალ ჯანაშია.
როგორც ჯემალ ჯანშია აღნიშნავს, დღეს სიღმისეული კვლევების გარეშეც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით 10%-ით გაიზარდა. ე. წ შემდგარი ნარკომანების რიცხვი დაახლოებით 50 000-ს შეადგენს, ხოლო ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობამ 250 000-ს გადააჭარბა. ეს საქართველოსთვის ძალზე დიდი მაჩვენებელია. თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას ასაკის, სქესის, ეროვნების და სხვა პარამეტრების, მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 10%-ზე მეტი ნარკოტიკებთან უკანონო შეხებაშია. მოკლედ, დღეს საქართველო ნარკომანიით უაღრესად მძიმედ დაზიანებული ქვეყნის კლასიკური ნიმუშია და არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ერის კოლექტიური ინტოქსიკაციის მოწმენიც გავხდეთ.
"ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ნარკომანიის ეპიდემიისა არის ხმაურიანი მოწოდებები მოხმარების დეკრიმინალიზაციის და ზოგიერთი მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციის შესახებ. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, მრავალი სახელმწიფოს ხელისუფალი არაადეკვატურნი არიან ასეთი წამოწყებების მიმართ, რაც აშკარად ჩანს ნარკოტიკების გავრცელების მსოფლიო ისტორიის შესწავლიდან", - აცხადებს ჯემალ ჯანაშია.