პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის შეფასებით, "ზურაბ ნოღაიდელის სახელის, თუნდაც უარყოფით კონტექსტში მუდმივად გაჟღერებამ ის პოპულარული და რეიტინგული გახადა".
"ბოლო ხანებში ნოღაიდელის ლანძრვა მოდაში შემოვიდა, რითაც მას დიდ რეკლამას უკეთებენ. ნოღაიდელი არავის ახსოვდა, მისი პარტიის შესახებაც არ ჰქონდა კაციშვილს წარმოდგენა, თუმცა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან მუდმივად მისი სახელის ტრიალმა ის ბევრად უფრო რეიტინგული გახადა, ვიდრე იყო. გუშინ, ჭადრაკის სასახლეში მას ტაშს უკრავდნენ. დარწმუნებული ვარ, ორი თვის წინ ნოღაიდელს ასეთი ოვაციით არავინ შეხვდებოდა. ამისთვის მან მადლობა ხელისუფლებასთან ერთად კოლეგა ოპოზიციონერებსაც უნდა გადაუხადოს. პოლიტიკოსისთვის მთავარია მისი სახელი და გვარი ხშირად გაისმოდეს. მნიშვნელობა არ აქვს გაქებენ თუ გლანძღვანენ. როცა პოლიტიკოსის სახელი აღარ იმის, მისი დრო პოლიტიკიდან უკვე წასულია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კლიმიაშვილმა.
აღნიშნულ კონტექსტში, კლიმიაშვილი "პოპულისტურს" უწოდებს ოპოზიციური ძალებისადმი "ეროვნული ფორუმის" იმ მოწოდებას, რომ "ნურასდროს დაუძახებენ მას იქ, სადაც მისვლისთვის ტაშს კრემლი და ნოღაიდელი დაუკრავენ".
"ეს პოპულისტური განცხადებაა, რომელიც ნოღაიდელის რეიტინგზე სულაც არ მოქმედებს უარყოფითად. პირიქით", - განმარტავს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება "ეროვნული ფორუმისა" და ედპ-ის გადაწყვეტილებას, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, რამაზ კლიმიაშვილისთვის ეს მოსალოდნელი იყო.
"ამ გადაწყვეტილებაში ახალს ვერაფერს ვხედავ. "ეროვნული ფორუმი", "ლეიბორისტები" და ბურჯანაძის პარტია ყოველთვის შეურიგებლები იყვნენ და მიაჩნდათ, რომ არჩევნები ხელისუფლების მიერ შემოგდებული სატყუარაა. რაც შეეხება ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, ის სახელისუფლებო პარტიაა და წარმოუდგენელიც კია მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად ოპოზიციონერი პარტიების მაგიდასთან როგორ უნდა დამჯდარიყო", - დასძინა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რამაზ კლიმიაშვილმა.