ამერიკის შეერთებული შტატები სირიის ოპოზიციის დახმარების გაძლიერების შესაძლო გზებსა და ვარიანტებს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ ისაუბრა.
„პრეზიდენტი ბარაკ ობამა განიხილავს სირიელი ამბოხებულების მხარდაჭერის გაძლიერების საკითხს. საამისოდ ამ დროისთვის რამდენიმე მისაღები ვარიანტი არსებობს", - განაცხადა პსაკიმ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკომენტაროდ დატოვა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები სირიაში ოპოზიციისთვის იარაღს გაგზავნის.
ჯენ პსაკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი სირიის ოპოზიციას, რათა მოხდეს ბალანსის ცვლილება ოპოზიციისა და ბაშარ ასადის ხელისუფლებას შორის მიმდინარე დაპირისპირებაში.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორ წელზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, 80 ათასზე მეტი ადამიანი და იღუპა და 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.