„ცალსახად არ შემიძლია იმის თქმა, მუქარის შემცველი ვიდეოები მართლაც თალიბების მიერ არის გავრცელებული თუ არა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მიცემულ ინტერვიუში.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იძიებს მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელების საქმეს და ჩვენი მიზანია, დავადგინოთ, საიდან მოხდა ამ კლიპის ატვირთვა ინტერნეტში. არსებობს ამ ვიდეოს წარმომავლობის არა ერთი ვერსია და გამოძიების დასრულებამდე ცალსახად არ შემიძლია იმის თქმა, იგი მართლაც თალიბების მიერ არის გავრცელებული თუ არა. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი გარემოება გამოიკვეთა გამოძიებაში აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები და დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში გავარკვევთ, ეს კლიპი საიდან აიტვირთა ინტერნეტში და არის თუ არა მართლაც თალიბების დამზადებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.