რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დაკავებული რუსეთის ორი მოქალაქის _ უფლებების დამცველის ვლადიმერ ვახანიას და გადამდგარი პოდპოლკოვნიკის პავლე ბლიაძის _ გათავისუფლებას მოითხოვს და მათი დაპატიმრების ფაქტს უკანონოს უწოდებს.
"რუსული მხარე მოითხოვს, დაუყოვნებლოვ შეწყდეს პროვოკაციები ჩვენი მოქალაქეების მიმართ და დაიხუროს ის შეთითხნილი საქმე, რომელიც ვახანიასა და ბლიაძის მისამართით არის შეთხზული", _ განუცხადეს რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტში.
რუსი დიპლომატები ელიან იმასაც, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვარი" და სხვა უფლებების დამცველი ორგანიზაციები დაინტერესდებიან "საქართველოს ხელისულების მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებით".
რუსული მედია წერს, რომ მოსკოველი ვახანია საქართველოს პოლიციამ 2008 წლის 12 ოქტომბერს დააკავა საქართველოში ნათესავების მონახულებისას. როდესაც მას წაართვეს საბუთები, ამით მას წაერთვა საქართველოს დატოვების საშუალება. 2009 წლის 15 მარტს ვახანია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისა და შენახვისთვის დააპატიმრეს, რომელივ ზუგდიდის სოფელში მისი მამის სახლის ჩხრეკის შედეგად იქნა აღმოჩენილი. იყო ასევე მცდელობები, ვახანია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაედანაშაულებინათ. თავად ვახანიამ კი, რომელიც თბილისის #1 ციხეში იმყოფება, არაერთგზის განაცხადა, რომ დაკავებულია უკანონოდ და მისი საქმე საქართველოს ხელისუფლების მიერაა შეთითხნილი.
რაც შეეხება ბლიაძეს, რუსული მედიის ინფორმაციით, იგი საქართველოში ნათესავების მოსანახულებლად მიმდინარე წლის მაისში ჩავიდა. საქართველოს საზღვრის გადალახვის შემდეგ საქართველოს სპეცსამსახურებმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას შესთავაზეს განეცხადებინა, რომ იგი "მოსკოვის აგენტია". მან უარი განაცხადა ამის გაკეთებაზე, ერთი თვის შემდეგ იგი დააპატიმრეს და ვახანიას მსგავსად მას პისტოლეტი ჩაუდეს.
"ამ გარემოებების გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რატომ აცხადებდა საქართველოს ხელისუფლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარს, დაეშვა დაკავებულებთან ჩვენი საკონსულოს თანამშრომლები. მხოლოდ შვეიცარიის საელჩოს ძალისხმევით ჩვენს წარმომადგენლებს მიეცათ საშულება, დაკავებულები მოენახულებინათ", _ აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სერგეი ლავროვის უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მათთვის ვახანიას დის მიერ გაგზავნილი მიმართვიდან ცხადი ხდება, რომ ვლადიმერ ვახანიას უარს ეუბნებიან კვალიფიციური და სერიოზული სამედიცინო მომსახურების გაწევაში მძიმე დაავადების მკურალობისას, ხოლო ნათესავებს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების უფლებაც კი არ აქვთ.
"ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ციხის ექიმებს განზრახ შეჰყავთ მისთვის ისეთი პრეპარატები, რომლებიც მის დაავადებას კიდევ უფრო დაამძიმებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებს", _ აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში და აღნიშნავენ, რომ "პროვოკაციებისთვის როგორც წესი, ხშირად ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებს ირჩევენ, რომლებიც იქ საქართველოს მოსანახულებლად და ნათესავების სანახავად ჩადიან".