ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები გაუაზრებელი, საშიშია და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, თუმცა, მისი თქმით, ეს უკრაინის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მხოლოდ აძლიერებს
„რუსეთის სასტიკი თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ შეუჩერებლად გრძელდება. რუსეთი უზარმაზარ დანაკარგებს განიცდის, ამჟამად, ყოველთვიურად 40 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება ან მძიმედ იჭრება. ერთი წუთით დაფიქრდით - ყოველთვიურად 40 ათასზე მეტი.
მიუხედავად ამ მძიმე დანაკარგებისა, პუტინი ომის დასრულების არანაირ სურვილს არ ავლენს.
ამის ნაცვლად, რუსეთი კვლავ და კვლავ უტევს კიევსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებს, ხშირად სამიზნეში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ამავდროულად, ევროპაში რუსეთის მავნე ჰიბრიდული მოქმედებების სია სულ უფრო იზრდება - კიბერშეტევები, საბოტაჟი, ცეცხლის წაკიდება, საჰაერო სივრცის დარღვევა და დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები.
რუსეთის უახლესი მტრული ქმედებები უპასუხისმგებლო, გაუაზრებელი, საშიშია და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თუმცა ეს ჩვენ არ გვაშინებს. ვიცით, რომ ეს სასოწარკვეთილი რეჟიმის ტაქტიკაა, რომელიც უკრაინაში დასახულ მიზნებს ვერ აღწევს.
პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენს დაყოფას, დესტაბილიზაციას და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას შეძლებს. მაგრამ ის ამას ვერ მოახერხებს. ეს მავნე ქმედებები საპირისპირო შედეგს იწვევს“, - განაცხადა რუტემ.