"მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ შეხვედრამ მშვიდ გარემოში ჩაიარა", _ განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას შს სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„წარიმართა საკმაოდ ცხელი პოლემიკა. ქართული მხარის მხრიდან, პირველ ნომრად, რა თქმა უნდა ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეებს მხრიდან ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში უკანონოდ მავთულხლართების ინსტალაციის საკითხი დადგა", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ქემოკლიძე და აღნიშნავს, რომ შს სამინისტრომ და მთლიანად ქართულმა მხარემ შეხვედრაზე წარმოადგინა კონრეტული მასალა განვითარებულ პროცესთან დაკავშირებით.
"წარმოვადგინეთ კონრეტული მასალა დიცში განვითარებულ პროცესთან დაკავშირებით, თუმცა არამარტო, იმიტომ, რომ პრობლემა ზოგადად არა მარტო დიცს ეხება, არამედ რეგიონში სხვა და სხვა სოფლებსაც.
მოვთხოვეთ ოსურ და რუსულ მხარეს, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ეუთოს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელებს რომ აქტიურად დაინტერესდნენ ამ პრობლემით", _ აცხადებს ქემოკლიძე.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, დე-ფაქტო ცხინვალისა და რუსეთს ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან ქართულმა მხარემ ვერავითარი ლეგიტიმური არგუმენტი ვერ მოისმინა.
"ჩვენ ვერ მოვისმინეთ რაიმე ლეგიტიმური არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება მავთულხლართების ინსტალაცია ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში და შედეგად ადგილობრივებისათის ყოველდღიური ცხოვრების გართულება.
ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებობს გარკვეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს, მათი დე-ფაქტო საზღვის დაცვას და სწორედ აქედან გამომდინარეობს მავთულხლართების ინსტალაცია.
აღნიშნული არგუმენტი, თუკი შეიძლება ამას არგუმენტი ვუწოდოთ, არის ქართული მხარისათვის ყოვლად მიუღებელი და შესაბამისად ამ პროცესთან დაკავშირებით, მომავალში მუშაობა გაგრძელდება", _ აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე სააგენტოსთან საუბარში.