სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე №5 ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში სამკერვალო "ათინათს" სტუმრობდა.
კომპანია "მეგაფუდის" მიერ დაფუძნებულ საწარმოში დასაქმებულმა 30-მდე მსჯავრდებულმა კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ"-ს მის მიერ დაკვეთილი უნიფორმები გადასცა.
"ათინათმა" კომპანიის პერსონალისთვის ზამთრის ფორმების შესაკერად გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მოთხოვნის შესაბამისად, 1365 დათბილული და წყალგაუმტარი ქურთუკი, 1234 კომბინიზონი და 1034 ქუდი შეკერა.
სამკერვალოს მიერ შესრულებული არაერთი მსხვილი შეკვეთა უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. ხათუნა კალმახელიძის თქმით, მსჯავრდებულებს სამკერვალოში დასაქმება ჩვეულებრივად, 10-დან საღამოს 6 საათამდე მუშაობისა და ხელფასის მიღების საშუალებას აძლევს.
მინისტრმა ასევე თანამშრომლობის იმედი გამოთქვა და მოუწოდა სხვადასხვა კომპანიებს, მიბაძონ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს".
პატიმართა დასაქმების სოციალური პროექტი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და რამდენიმე კერძო კომპანიის ინიციატივით დღემდე არაერთხელ განხორციელდა.