პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი საარჩევნო დანაშაულებებზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო დანაშაულებებთან დაკავშირებული სანქციები ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო დანაშაულებების პრევენციას და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი.
ცაგარეიშვილის თქმით, მას უკვე მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას ითვალისწინებს.
კანონპროექტით ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტში; 162-ე მუხლის I და II ნაწილებში; 164-ე მუხლში; 164 პრიმა მუხლში; 164 ორი პრიმა მუხლში და 164 სამი პრიმა მუხლში.
"ცვლილებების არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ გამკაცრდეს სანქციები საარჩევნო დანაშაულებებზე. კანონპროექტში ახლებურად არის დანახული არჩევნების ჩატარებისას ჩადენილი დანაშაულებებისათვის სასჯელის გარდაუვალობის პრინციპით", - აცხადებს ცაგარეიშვილი.
მისი განმარტებით, დღეს საარჩევნო დანაშაულებებზე საქართველოს კანონმდებლობა მაქსიმუმ ორ წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტით კი პატიმრობის ვადა იცვლება და სხვადასხვა დანაშაულზე იქნება 3-დან 7 წლამდე. მაგალითად ასახელებს რუსეთის მაგალითს სადაც 4-წლიანი პატიმრობაა და უკრაინის სადაც 7-წლიანი პატიმრობაა მსგავსი დანაშაულებებისათვის.
ცაგარეიშვილი ითხოვს საარჩევნო სფეროში ჩადენილი დანაშაულებებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ათვლის განსხვავებული მიდგომის შემოღებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნულ დანაშაულებებზე ხანდაზმულობა ვრცელდება ორი წელი. ცაგარეიშვილი კი ამ ვადის გაზრდას 15 წლამდე ითხოვს.
ცაგარეიშვილი კანონპროექტს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს ორშაბათამდე ჩააბარებს.