,,საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ვადანაშაულებ", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ფუნდამენტური პრობლემა ქართული სახელმწიფოა
"რუსეთისთვის სულ ერთია ჩვენი რიტორიკა. თუ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რაც გინდა ელაპარაკე და ეფერე - ჩემზე მეტად მათ არავინ მოფერებია, განსაკუთრებით პირველ წლებში. მათთვის ფუნდამენტური პრობლემა ქართული სახელმწიფოა. ჩვენ არ უნდა შევასუსტოთ ანტიოკუპაციური საკანონმდებლო რეჟიმი საქართველოში. საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში საქართველოს მთავრობას არ ვადანაშაულებ. გუშინ გაკეთდა განცხადებები, "ენა მოვუჩლიქეთ და საზღვარი მაინც გადმოწიეს". რუსეთს აქვს თავისი გეგმა - არ უყურებს როდის რა ვთქვით და რა ხასიათზე ვართ, ის თავის გეგმას მიყვება. არაფერ შუაშია, რა გააკეთა რომელიმე ოფიციალურმა პირმა. მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას მივხვდეთ", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველომ სამართლებრივი პოზიციები არ უნდა შეასუსტოს.
"არ უნდა შევასუსტოთ ოკუპაციის კანონი საზღვრებთან მიმართებაში, ტერმინი "ოკუპაცია" არ ამოვიღოთ ხმარებიდან, რადგან ეს არის ჩვენი იურიდიული გასაღები. თუ ვიტყვით, რომ ომში ჩვენ ვართ დამნაშავე და ტერორისტებს ვამზადებდით, არაღიარების რეჟიმიც, რომელშიც დიდი წარმატება გვაქვს, შესუსტდება. სამართლებრივი სიტუაციის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს გათავისუფლება გარდაუვალია. იქამდე კი არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა შევასუსტოთ ძალისხმევა, გავყვეთ გეგმას, რომელიც ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, სამართლებრივი სივრცის, დემოკრატიისა და შეიარაღებული ძალების განვითარებას გულისხმობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.