ერაყელი შიიტები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგნენე, აქტიურად ერთვებიან მეზობელ სირიაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებაში. მოხალისეები ბაშარ ასადისა და მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ იბრძვიან. ამის შესახებ ამერიკული გაზეთის „The Washington Post" კორესპონდენტთან საუბრისას, რადიკალური შიიტური დაჯგუფების „ასაიბ აჰლი ალ ჰაკის" საველე მეთაურმა განაცხადა.
აბუ საჯალას თქმით, ერაყელი შიიტები სირიაში ჩადიან ირანის გავლით, საიდანაც დამასკოს მიმართულებით დღემდე რეგულარულად დაფრინავენ თვითმფრინავები. სირიის ხელისუფლება ადგილზე უზრუნველყოფს შიიტებს სახელმწიფო გვარდიის ფორმით, ამუნიციითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით. აბუ საჯალა მოხალისეებს ახასიათებს როგორც გამოცდილ მეომრებს, რომლებსაც შეუძლიათ სპეც დანიშნულების რაზმის ფუნქციის შესრულება და განსაკუთრებით რთული ამოცანების გადაჭრა.
„ასაიბ აჰლი ალ ჰაკის" საველე მეთაურის თქმით, სირიის სახელისუფლებო გვარდია უმეტესად მხდალი მეომრებითაა დაკომპლექტებული და ამიტომ ბაშარ ასადი ვერ აღწევდა სერიოზულ წარმატებებს ოპოზიციასთან დაპირისპირებისას შიიტი მოხალისეების კონფლიქტში ჩართვამდე. ერაყელმა შიიტებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ბრძოლებში ალეპოსთან, პროვინცია ჰომსთან და ბაღდადის მიმდებარედ.
შეგახსენებთ, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის სასარგებლოდ კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობს ასევე ლიბანური რადიკალური ბოევიკური დაჯგუფება „ჰეზბოლა". გარდა ამისა, სირიის ტერიტორიაზე რიგ სპეცოპერაციებს ისრაელის სპეცრაზმიც ახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ებრაელები საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ და მჭიდრო კონტაქტში არიან ადგილობრივ ვიწრო ჯგუფთან, რომელიც არც სირიის ხელისუფლებას ემხრობა და არც ოპოზიციას.
სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით დაიღუპა 80 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები