ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრს მოჰამედ იბრაჰიმს სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი „ალ-აჰრამი" ავრცელებს.
ასეთი განაჩენით, სასამართლომ მოქმედი მინისტრი სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილი განაჩენის აუსრულებლობის გამო დასაჯა. პატიმრობასთან ერთად, სასამართლოს დადგენილებით, მოჰამედ იბრაჰიმი ჩამოშორდა სახელმწიფო-პოლიტიკურ მოღვაწეობას.
სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება იყო საპასუხო რექცია ამჟამად უკვე ყოფილი მინისტრისა და მისი უწყების გადაწყვეტილებაზე, არ გადაეხადა ორი პოლიტმატიმრისთვის სასამართლოს მიერ დაწესებული ჯარიმა 25 ათასი ეგვიპტური ფუნტის (დაახლოებით 3 600 აშშ დოლარი) ოდენობით.
დისიდენტებმა, რომლებიც თავდაპირველად უკანონოდ დააპატიმრეს და შემდეგ გაათავისუფლეს, სასამართლოს სარჩელით მიმართეს და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს. კაიროს სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა, თუმცა უწყებამ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.
მოჰამედ იბრაჰიმის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების, კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვადების შესაბამისად გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები