ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, შიიტებით დასახლებულ რაიონში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. ინფორმაციას ტერორისტული აქტების შესახებ ბი-ბი-სი ავრცელებს. ერაყის ხელისუფლების განცხადებით ქალაქში მანქანებში ჩამონტაჟებული 11 ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ერთ-ერთი ბომბი ბაღდადის ხალხმრავალ ქუჩაზე, სადუნზე აფეთქდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი გოგონაა. კიდევ რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა ალ-მალიფისა და ჰაბიბიას რაიონებში ამოქმედდა. ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა ტერაქტის გამო საკუთარ თავზე არ აუღია. ერაყში დაძაბულობა და მსხვერპლი მატულობს და მოსახლეობა შიშობს, რომ ქვეყანა, ისევე როგორც 2006 - 2007 წლებში, რელიგიური ჯგუფების - შიიტებისა და სუნიტების სისხლიან კონფლიქტში აღმოჩნდება ჩათრეული.
სუნიტები სიტუაციის ესკალაციაში შიიტებს ადანაშაულებენ, რომლებიც დღესდღეობით ხელისუფლებას წარმოადგენენ. სუნიტების განცხადებით, შიიტები არ ერიდებიან დისკრიმინაციას და გამუდმებით დევნიან სუნიტებს. ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური მალიკი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ბოევიკები ვერ შეძლებენ, ქვეყანა კვლავ ჩაითრიონ ქაოსში.
შეგახსენებთ, რომ სიტუაცია ერაყში უკიდურესად დაძაბულია. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყანაში ტერაქტების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაეროს ექსპერტების მონაცემებით, აპრილში ერაყში დაახლოებით 700 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ტერორისტების იერიშების. ეს რიცხვი ყველაზე დიდია 2007 წლის შემდეგ. სააგენტო „ასოშიეითიდ პრესის" დათვლებით კი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ტერაქტების შედეგად უკვე 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები