გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მინისტრმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ის ლიცენზიანტები დაასახელა, რომლებიც არ ასრულებენ სალიცენზიო ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს.
377 ლიცენზიანტი, რომლებიც კირქვას, დიომიტს, მარმარილოს, თიხასა და სხვა სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებენ, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გარემოს დაცვის ინსპექციასა და გარემოს ეროვნულ სააგენტოში, წელიწადში ერთხელ 1 აპრილიდან 1 მაისამდე წიაღისეულის მოპოვების ანგარიშს წარადგენენ. ლიცენზიანტებს გოგა ხაჩიძემ მოუწოდა წინა წლებში დაშვებული შეცდომები გამოასწორონ და საქმიანობის ანგარიში სამინისტროში დროულად წარმოადგინონ.
„მინდა საჯარო გაფრთხილება გავაკეთო და მოვუწოდო იმ მეწარმეებს, რომლებმაც წლების წინ სხვადასხვა ბუნებრივი რესურსის სარგებლობის ლიცენზია მიიღეს -დროულად მოგვაწოდონ ანგარიშები, თუ რას აკეთებენ და როგორ ხორციელდება საბადოების ექსპლუატაცია. არსებობენ ისეთი ლიცენზიანტები, ვისაც ჯერ არ აუმუშავებიათ საბადო და ბევრგან არც აპირებენ, მათ წინააღმდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები. ჩვენ არ გვინდა გაუაზრებელი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება, ვიცით რომ ბევრ მეწარმეს ობიექტური მიზეზი ჰქონდა, ზოგს ომმა შეუშალა ხელი, ზოგს ეკონომიკურმა კრიზისმა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება დაკონსერვებული და აუმუშავებელი საბადოები ჰქონდეს. პირველ ეტაპზე მათ მოვუწოდებთ და ვაფრთხილებთ, კანონით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს მოხდეს ლიცენზიების ჩამორთმევა."-განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.
ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო ურჩ ლიცენზიანტებს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ჯარიმის გადახდაც დაეკისრებათ.
მასალის გამოყენების პირობები