სირიის ხელისუფლება მზადაა ჟენევაში დაგეგმილ სამშვიდობო საერთაშორისო კონფენერციაში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალიდ მუამედის მიერ ბაღდადში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია საუკეთესო გზაა შექმნილი სიტუაციის განსამუხტად და კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადასაჭრელად. ეს არის სირიის ხელისუფლების პირველი საჯარო განცხადება, რომელშიც გამოხატულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი.
სირიის ოპოზიციის ძირითადი ძალები ამჟამად სტამბულში მართავენ მოლაპარაკებებს, რომელთა მთავარ მიზანს ჟენევის კონფერენციისთვის მიდგომების შემუშავება წარმოადგენს. თუმცა, სირიის ოპოზიციურმა ეროვნულმა საბჭომ უკვე განაცხადა, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს თუ მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ასადი პოსტს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირებისა და სამშვიდობო პროცესის დაწყების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატები და რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო კონფერენციის მოწვევაზე შეთანხმდნენ.
სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით დაიღუპა 80 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები